ინდონეზიაში მყვინთავებმა კომპანია Sriwijaya Air-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი „შავი ყუთიდან“ ერთ-ერთი, წყლიდან ამოიღეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალური უწყებები შავი ყუთის პოვნას ადასტურებენ, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მასში თვითმფრინავის ფრენის მონაცემებია შენახული თუ პილოტის კაბინის ხმის ჩამწერი.
ორი დღის წინ, ამავე ადგილას, ადამიანების სხეულების ნაწილები და თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი, წვიმის გამო, ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და ოთხ წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო. ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.
ინდონეზიაში Boeing 737 ორი წლის წინაც ჩავარდა. 2018 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინდონეზია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ავიაკატასტროფები ხშირია. მიზეზი საავიაციო სექტორის მცირე ბიუჯეტი და მოძველებული თვითმფრინავებია.
კომენტარები