მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„შემდეგი დახმარება არის 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროებიც და რესტორნებიც. ჩვენი ვარაუდით, აქ ისარგებლებს 1000-ზე მეტი კომპანია, სადაც 30 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.
შემდეგი დახმარება – 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაწეროთ ეს. აქაც ოდენობა დაახლოებით არის 20 მილიონი ლარი. თავის დროზე, 1000 კომპანიამდე ისარგებლა თავის დროზე ამ გადავადებით.
კიდევ ერთი დახმარება – საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებული სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის 1-ელ ივლისამდე.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა, ხოლო დანარჩენ საქართველოში შეზღუდული არ არის. ზუსტად ამიტომ, რომ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა ამ ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და აქ შეიზღუდა ეს საქმიანობა, შესაბამისად, ჩვენ ამ გადასახადს მათაც ვუვადებთ. ამის ბენეფიციარი იქნება დაახლოებით 100-ზე მეტი კომპანია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
კომენტარები