ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ ვრცელდება.
ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული სუბიექტების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ეს სუბიექტებია: 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები; 2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ „კოვიდ-19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. 3. ფარმაცევტული საქმიანობა; 4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია; 5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება; 6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები; 7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები; 9. სამაშველო საქმიანობა; 10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები; 11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება); 12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდა, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.
კომენტარები