„დემოკრატმა“ კონგრესმენებმა, ტედ ლიუმ და კეტლინ რაისმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს.
„როგორც კონგრესის წევრები და წარსულში პროკურორები, მივიჩნევთ, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, ბრედ რაფენსპერგერთან სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც 11 780 ბიულეტენის პოვნა ან ხმების გადათვლა მოითხოვა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება“, – დაწერა კონგრესმენმა ტედ ლიუმ Twitter-ზე.
3 იანვარს, გაზეთ The Washington Post-მა დონალდ ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს.
აღნიშნული აუდიოჩანაწერის თანახმად, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანსა და მის იურიდიულ მრჩეველს, რაიან ჯერმანის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა მინიშნება გააკეთა, რომ თუ რაფენსპერგერი და ჯერმანი იმ ბიულეტენებს არ იპოვნიან, რომელიც მის სასარგებლოდ იყო მიცემული, ხოლო შემდგომში განადგურებული, ისინი დანაშაულის თანამონაწილეები გახდებიან.
კომენტარები