ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველებისთვის საყვარელი არტისტი, კახი კავსაძე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს. არტისტს კოვიდ-19 დაუდასტურდა კიდეც. რეანიმაციულ განყოფილებაშიც იწვა, იყო შედარებით მძიმე დდღეები, თუმცა ორკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, მსახიობმა კლინიკა დატოვა.
სპეციალურად მამისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა კახის ვაჟი, ასევე მსახიობი, ირაკლი კავსაძე ქალიშვილთან ერთად. სწორედ ირაკლიმ მიაკითხა მამას, სიურპრიზად და სახლში წამოიყვანა. მსახიობმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ახლა კოვიდგადატანილ მსახიობს სწორედ მისი ვაჟი და შვილიშვილი უვლიან. თუმცა 85 წლის კახისთან თითქმის ყოველდღე დადის მისი ძმა, ასევე კოვიდგადატანილი, 83 წლის იმერი კავსაძე.
ამჯერად მისგან ვიგებთ, რომ კახის ერთი სული აქვს გარეთ გავიდეს და გაისეირნოს.
იმერი კავსაძე: – სახლში მოძრაობს. ირაკლი და ირინა უვლიან. ასე დასეულები ვართ ყველანი… რომ ზის, მერე თითქოს უჭირს ადგომა. უფრო სწორად, გვინდა, რომ მეტი იმოძრაოს. კუნთები მოდუნებულია. ჩვენ იმ ხნის ხალხი ვართ, სამი კვირა რომ იწვები, მერე უკვე, ოოო, ძნელია…
კახი სულ გარეთ გავარდნაზეა. რამდენი ხანია ჩაკეტილია და ბუნებრივია, გარეთ გასვლა და გასეირნება უნდა. მიჩვეულია გარეთ სიარულს, ფეხით გავლას. ახლა ამ შეზღუდვამ შეაწუხა. მოკლედ, სულ უნდა კარში გასვლა.
კომენტარები