ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ „ტვ პირველის“ ეთერში სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი არის გამჭვირვალე, ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაცია იხილოს საპატრიარქოს ვებგვერდზე.
„ყველას შეუძლია შევიდეს საიტზე და ნახოს რაში იხარჯება ეს თანხები. არაფერია დამალული, ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე. მარტო საქართველოს საპატრიარქო არ ფინანსდება. ასევე ფინანსდებიან სხვა კონფენსიის წევრები. რატომღაც მათზე არ არის საუბარი და არავინ ამბობს, რომ სხვა კონფენსიებიც ფინანსდებიან“, – აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ეკლესია, რომ სახელმწიფო დაფინანსება შეწყდეს, მეუფე გერასიმე ასე პასუხობს – „ყველაფრისთვის მზად ვართ. თუნდაც ის მოვლენები, რომლებიც გავიარეთ, პანდემია, მზად ვიყავით. ღვთის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად გავიარეთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის ეკლესია მზად არის“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.
2020 წლის ბიუჯეტით საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება 25 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით ბიუჯეტიდან გამოიყოფა 14 მლნ 738 ათასი ლარი.
კომენტარები