ეს უნიკალური წერილი იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნდა და 1910 წლით თარიღდება. ეს ის დროა, როცა ვაკე, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, თბილისს სულ ახალი შემოერთებული იყო. აი, რა მოთხოვნები ჰქონდათ მაშინ ვაკელებს:
„მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს. ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხათ მათ: „სურთ თუ არა, რომ ვაკე შეერთებულ იქნას თფილისს“.
მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებს და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობდნენ.
ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს სრულებით არაფერი არ გაუკეთებია, მიუხედავად მრავალი თხოვნისა. ამიტომ ისინი თხოვენ გუბერნატორს აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ:
1 – ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დასგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები.
2 – განთავისუფლებულ იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწევოდეს.
3 – უფლება მიეცეს მათ იყოლიონ თავისი წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში.
4 – თუ ყველა ამეებზე ქალაქი უარს იტყვის, იმ შემთხვევაში გამოყოფილ იქნას ვაკე ქალაქიდან“.
კომენტარები