ახალ წლამდე, რამდენიმე დღით ადრე, მარჯანიშვილზე მდებარე ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობიდან უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე ოჯახი გამოასახლეს. მათ შორის 28 წლის თეონა მაკარიძე მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო. ღია ცის ქვეშ დარჩენილებმა კეთილი ადამიანების დახმარებით, დიღიმის მასივში, ე.წ. დევნილების დასახლებაში ნახევრად სარდაფში იქირავეს ბინა. მალე ქირის გადახდა მოუწევთ, რისი საშუალებაც არ აქვთ. ნესტიანი სარდაფი, სადაც მზის შუქიც კი არ შედის, დღეს მათი ერთადერთი თავშესაფარია.
შესაძლოა, ახალგაზრდა წყვილი 3 შვილთან ერთად ისევ ქუჩაში აღმოჩნდეს. ახლა, ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები ესაჭიროებათ. მათი მძიმე ისტორია ჯერ კიდევ, 5 წლის წინ, მაშინ დაიწყო, როცა უფროს შვილს გულზე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მის გადასარჩენად სახლის ბანკში ჩადება და გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტეს.
„ჩვენს უფროს შვილს, რომელიც ახლა 10 წლის გახლავთ, წლების წინ დაუდგინეს გულზე დაავადება, კონკრეტულად კი ერთი სარქველი ღია ჰქონდა და საჭიროებდა მკურნალობას. ეს სარქველი წლების მატებასთან ერთად უნდა დახურულიყო, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა. მეუღლე თბილისელი გახლავთ, მე წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ.
უსახსრობის გამო გადავწყვიტეთ ბინა ბანკში ჩაგვედო და ბავშვი სამკურნალოდ გერმანიაში წაგვეყვანა. ასეც მოვიქეცით, 5 წელი ვიცხოვრეთ იქ, მესამე შვილი იქ შეგვეძინა.
სანამ ჩემი მეუღლე სამსახურს იშოვიდა ბანკში პროცენტის გადახდა ვერ შევძელით და ერთადერთი საცხოვრებელი დავკარგეთ. მერე ჩემი მეუღლე დასაქმდა, ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში მზარეულად დაიწყო მუშაობა და იქაურ ცხოვრებას ფეხი ავუწყეთ.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სულ უფრო უმჯობესდებოდა. ერთი წლის წინ კი, გერმანიის ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ თქვენ ქვეყანაშიც კარგი პირობებია და საქართველოში უნდა დაბრუნდეთო. ასე დაგვაბრუნეს საქართველოში, თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა და გვითხრა, რომ სანამ საქართველოში ადაპტირდებით, ერთი წლის განმავლობაში ქირის ფულს ჩვენ დაგიფარავთო და მართლაც ასე მოხდა.
ერთ წლის განმავლობაში გერმანიის სახელმწიფო გვიხდიდა ქირას. ჩემმა მეუღლემ რესტორანში დაიწყო მუშაობა, თუმცა კორონავირუსის გამო ყველაფერი დაიკეტა და უსამსახუროდ დარჩა. მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სისხლძარღვების შევიწროების გამო, კიდურები ეყინება…
წასასვლელი რომ არსად გვქონდა, მარჯანიშვილზე, ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობაში ცარიელ ოთახში თვითნებურად შევედით. ერთი ღამე გავატარეთ იქ. მეორე დღეს მეპატრონემ პოლიციის გამოყენებით გამოგვიყვანა შენობიდან. იყო გაწევ-გამოწევა, ყვირილი და დიდი უბედურება, რის გამოც ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა.
მერე, კეთილი ადამიანების რჩევით, დიღმის მასივში, ე.წ. დევნილების დასახლებაში მიმიყვანეს. სადაც ახლა ვცხოვრობთ ორი პატარა ოთახია, რომელიც სარდაფში მდებარეობს. მზის შუქიც კი არ შემოდის. არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ელექტრო ღუმელით ვთბებით.
ახლა, ქირასთან ერთად შუქის ფულიც გადასახდელი მაქვს, საიდან უნდა მოვიტანო არ ვიცი. ჩვენთან ერთად ცხოვრობენ დედაჩემი, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩემი დედამთილი ჩვენს ჩამოსვლამდე თავის დასთან სოფელში ცხოვრობდა. ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი დედამთილის პენსიაა.
ჩვენს მესამე შვილს გერმანული დაბადების მოწმობა აქვს და სანამ ქართულ საბუთს არ ავუღებთ, მანამდე სოციალურ დახმარებას ვერ მივიღებთ. ახლა ყველაზე მეტად საკვები გვესაჭიროება.
ვიცი, მესმის და ვხედავ, რომ ახლა ისეთი დროა, რომ ყველას უჭირს, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვისი დახმარების ძალა და უნარი შესწევთ. “ – ამბობს თეონა.
თეონა მეუღლესთან, 3 შვილთან, დედასთან და დედამთილთან ერთად ახლა ორ პატარა ოთახში ცხოვრობს. არ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ სჯერა რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ზამთრის ცივ და პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს პერიოდს გადააგორებს. პატარებს ტკბილეული და საკვები ესაჭიროებათ, რომლის საშუალება ოჯახს არ აქვს.
კომენტარები