თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა პირველ სემესტრში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 611-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 846 მოქალაქე.
კომენტარები